თეგი: 2008 წლის აგვისტოს ომი

ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. სახალხო დამცველის თქმით, ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II, რომლითაც სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტი დაადგინა. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის ფედერაციას სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში საქართველოსთვის თანხის გადახდა დაეკისრა. „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3 439 ადამიანი მათგან, 1 935 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 504 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. განსაკუთრებით ყურადსაღებია, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის ბოლო წლების განმავლობაში გახშირებული უკანონო პატიმრობები. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 9 მოქალაქე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით, გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, ეს უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს. 2008 წლიდან დღემდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 49 კმ-ს აღემატება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია და სხვადასხვა უფლებების შელახვა. აღნიშნულთა შორისაა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა, დე ფაქტო დოკუმენტაციის გაცემის შეზღუდვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, ჯანდაცვის სერვისებზე და სხვა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა,“ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.   

უკრაინის საგარეო უწყება: 15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში - უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  „15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/„სამხრეთ ოსეთი“ კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.  

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირისა და NATO-ს გზა აირჩია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება. „რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირისა და NATO-ს გზა აირჩია," - აღნიშნავს შარლ მიშელი. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.“ შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზე განთავსდა. „დღეს, 2023 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 15 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიდან. 2008 წლის აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევის პირველი შემთხვევა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. აღნიშნულიდან 15 წლისთავზე რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/„სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო სასამართლოების არა ერთი გადაწყვეტილებით. რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში და სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, უკანონო დაკავებებით და სხვა, დარტყმას აყენებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გარემოს. ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, სხვადასხვა სახის ინტეგრაციული ე.წ. ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება, აძლიერებს ადგილზე რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ომის შედეგად დაშორიშორებული მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას, როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან. საოკუპაციო ძალა დღემდე აბრკოლებს ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას. აგრეთვე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, მისიის მანდატის მიუხედავად. საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე. საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი განვითარება. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობისკენ. საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი და უპირობო მხარდაჭერისთვის და ხაზს უსვამს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს კონსოლიდირებული ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.“   15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

პეტერ ფიშერი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები

2008 აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებული განცხადების თანახმად, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები. „რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე ჩვენ პატივს მივაგებთ მსხვერპლს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები,“ – წერს პეტერ ფიშერი. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ევროპის საბჭო: არ დავიშურებთ ძალისხმევას, გვერდით დავუდგეთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს - საქართველოს და დავეხმაროთ კონფლიქტის შედეგების გადაჭრაში

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის მე-15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ევროპის საბჭო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/.ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ისევე, როგორც მის სამხედრო ყოფნას რეგიონში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. „საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის - აღიარებას, ასევე მისი სამხედრო ძალების რეგიონში ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. „ღრმად შეშფოთებული ვარ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობით, რომელიც კვლავ განიცდის კონფლიქტის შემდგომ საზიანო შედეგებს, განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, კვლავაც სერიოზულად ირღვევა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გამო, რომლის მომსწრეც თავად გახლდით 3 ივლისს, იქ ჩემი ბოლო ვიზიტისას. რუსეთის ფედერაცია, როგორც სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, მოვალეა, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, სრულად აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოასწოროს ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა. ეს აგრეთვე მოიცავს პირობების შექმნას იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის. „ევროპის საბჭო მტკიცედაა მოწოდებული ყოველმხრივი და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესს. ამ კუთხით, არ დავიშურებთ ძალისხმევას, გვერდით დავუდგეთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს - საქართველოს და დავეხმაროთ კონფლიქტის შედეგების გადაჭრაში და ხელი შევუწყოთ შერიგებას, დიალოგსა და ადამიანის უფლებებს ნდობის აღდგენის ღონისძიებათა (CBMs) მეშვეობით. შემდგომი ჩართულობის საფუძვლად, განვაგრძობ ჩვენი 46 წევრი სახელმწიფოს რეგულარულად ინფორმირებას ჩემი კონსოლიდირებული მოხსენების მეშვეობით საქართველოში კონფლიქტის შესახებ.“ 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

რუმინეთის საგარეო უწყება: საქართველო რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკული შეხსენებაა

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 15 წელი გავიდა. საქართველო არის ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკული შეხსენება. „რუმინეთი როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას", - აღნიშნულია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ბორელი: ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დღეს 15 წელი შესრულდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომიდან. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. „ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში სრულად იყო ჩართული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის საშუალებით. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ ლტოლვილთა და დევნილთა უფლების მნიშვნელობას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობამ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციას. 2024 წლის დეკემბრამდე კვლავ განახლებული მანდატით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების“ ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალურ ცხოვრებას უწყობს ხელს. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგულებას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“ 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

პოლონეთის საელჩო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას

პოლონეთის საელჩო საქართველოში, რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ მიერ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას,” - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. „15 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და ძალის გამოყენებით, დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც მოყვა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში თავისი უკანონო კონტროლის გაძლიერებას, საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოებას და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ, სისტემატურ დარღვევას, რაც მათ შორის გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით. ამასთან, შემაშფოთებელია ოკუპირებული რეგიონებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შემდგომი ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებები, რაც სხვა მიზნებთან ერთად, ხალხთაშორისი მზარდი კავშირებისა და შერიგების პროცესის ხელშეშლას ემსახურება. კვლავ დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირები. ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას. საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საოკუპაციო ძალის მიერ კვლავ არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საქართველოს მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული, ინტენსიური თანამშრომლობით, განაგრძობს ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემის, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვის ჩათვლით. უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებლებს შეუქმნას სტაბილურ, მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოში ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობები. სწორედ ამიტომ, ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებშიც კი, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, რაც, დეოკუპაციასთან ერთად, მიმართულია ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დეპოლიტიზირებული დიალოგის გაფართოებისა და ნდობის მშენებლობისკენ, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შეთავაზებისკენ, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს მხოლოდ დეპოლიტიზებული, სტატუს-ნეიტრალური და ჰუმანიტარული მიდგომით, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა. სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პრინციპული და კონსოლიდირებული მხარდაჭერის გაგრძელება, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებების აღკვეთისა და ხალხთაშორისი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება და უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო პარტნიორების წვლილს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში,” - ნათქვამია განცხადებაში  

მოლდოვის საგარეო უწყება: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

სენატორი რიში: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები.“ „15 წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა, მოახდინა ოკუპაცია და დაარღვია ადამიანის უფლებები საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში.“ რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას და ათასობით უდანაშაულო ქართველის დევნას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები,“ - წერს ჯიმ რიში Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ოლივერ ვარჰეი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი აგვისტოს ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.   „15 წელი! 2008 წელის აგვისტოში მოხდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. მას შემდეგ საქართველო ცხოვრობს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობის საფრთხის პირობებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, – წერს ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

კოლონა: რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა აცხადებს, რომ 15 წლის წინ, 7 აგვისტოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და 15 წლის შემდგომ ის კვლავ წარმოდგენილია ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე, კატრინ კოლონა Twitter-ზე ასევე აზიარებს აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას. „15 წლის წინ რუსეთმა აწარმოა აგრესიის საშინელი ომი საქართველოს წინააღმდეგ, რითიც დაიწყო სახელმძღვანელო, რომელიც მან მოგვიანებით უკრაინაში გამოიყენა. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყველა ვაკეთებთ ამას,“ – წერს კოლონა. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.  „15 წელია, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, რამაც ათასობით ქართველი დევნილად აქცია. NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან,“ - წერს კოლომინა Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

რობერტა მეცოლა: კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას „15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას,“ – წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ზელენსკი: მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია და რუსი დამპყრობლების დასჯა მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოს.“ „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მე-15 წლისთავზე გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ქართველი ხალხისადმი და ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოს,“ წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

პრემიერი: ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ამბობს, რომ რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება. „15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას. ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება; ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო - საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე

„ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს,“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება, ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი აგრესორი იყო ეს ჩვენ დიდი ხანია, ვოცოდით და ვიცით, მთელმა მსოფლიომ იცის. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე და ქვეყნის საბოლოო გამთლიანებამდე, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს. ჩვენ ყოველ დღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით. მე კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნა იყოს და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე,“ - განაცხადა პრემიერმა.  

თავდაცვის მინისტრი: მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არის უზარმაზარი გამოწვევა, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ომი არ ყოფილა

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ატარებს მშვიდობიან პოლიტიკას და რეგიონში გამოწვევის მიუხედავად, ქვეყანაში კონფლიქტი არ ყოფილა. „ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. ეს სენსიტიური საკითხია. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და ომი დაიწყო,“- განუცხადა ბურჭულაძემ მედიას. „თქვენი კითხვა რაში მდგომარეობს, რას გულისხმობს, ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი? მთელი ცივილური სამყარო არ სვამს ამ კითხვას. ყოველ წელს თქვენ სვამთ კითხვას, ომი ვინ დაიწყოო. ჩვენ, მათ შორის თქვენი მთავრობა ომის თარიღს აღნიშნავდა 8-ში, განკარგულება არის გამოცემული 8-ში, ამიტომ ჩვენც აღვნიშნავთ 8-ში. თხოვნა მაქვს, ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, ვინ დაიწყო ომი. ეს სენსიტიური საკითხია და კარგად დაფიქრდით, რა კითხვას სვამთ. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და ომი დაიწყო. ჩვენი ხელისუფლების პერიოდი არის ერთადერთი დეკადა, როცა არ ყოფილა ომი. როგორ შეიძლებოდა აცილება? ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან პოლიტიკას, ორიენტირებული ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არის უზარმაზარი გამოწვევა, არ ყოფილა კონფლიქტი,“ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.  

EUMM: მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია, შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება, რთული იყოს.“ „რუსეთ-საქართველოს ომის მე -15 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები და სირთულეები, რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ ოჯახებისკენ, რომლებიც დღესაც განიცდიან მათი დანაკარგის ტკივილს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია და შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება, იყოს რთული. განსაკუთრებით, როგორც ცხელი ხაზის მექანიზმის მართვის განმახორციელებლები და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის სარგებლის მომტან ყველა ძალისხმევას. ამ წლისთავი ს აღვნიშვნისას, ჩვენი მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისადმი. როგორც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისია, ჩვენ უზრუნველვყოფთ „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების“ (საოკუპაციო ხაზი, რედ) გასწვრივ ადგილზე მუდმივ ყოფნას და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის,“ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ამბობს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებების შესრულებაზე რუსეთი კვლავ უარს აცხადებს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“ -  წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე მისი ვრცელი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. „15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში და მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ქმედებებმა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ღრმა პატივისცემით და გულწრფელი თანაგრძნობით ვიხსენებთ რუსეთის ძალების მიერ მოკლულებს, დაჭრილებსა და დევნილებს. ოკუპაციის დროს რუსეთის ქმედებები, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანიები, ე.წ. "ბორდერიზაცია" და მასობრივი გადასახლება კვლავ იწვევს ენით აღუწერელ სირთულეებს. ისევე როგორც უკრაინაში, ქართველი ხალხი დაზარალდა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობისა და მეზობლებზე დომინირების სურვილის შედეგებით. შეერთებული შტატები კვლავ მოწადინებულია, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საფუძველზე, რაც გულისხმობს მისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე გაყვანას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუფერხებელ დაშვებას. რუსეთმა ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები არსებითია იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულმა ასობით ათასმა პირმა შეძლოს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება და ღირსეულად ცხოვრება. თხუთმეტი წლის შემდეგ შეერთებული შტატები კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მათ მტკიცე სურვილს, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისწრაფვიან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ,“ – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.  

პატრიარქი: ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას

„ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას - შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით, ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ,“ ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია ნათქვამი. „15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ. საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია! ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა. შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით... ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ. საქართველოს ეკლესია ყოველ წირვაზე აღავლენს ლოცვებს, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე ერის სულიერი ერთობისათვის; ასევე მუდამ ვიხსენიებთ სამშობლოსათვის თავდადებულთ და ახლაც შევთხოვ ღმერთს, მართალთა თანა განუსვენოს და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ ძმათამკვლელი ომის მსხვრეპლთ, მათ შორის, ოსებსაც და აფხაზებსაც. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მშვიდობით აკურთხოს მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და ინებოს ჩვენი გაერთიანება, ჩვენი ძველი ურთიერთობების აღდგენა, ამინ. ღმერთმა ერთობით აკურთხოს სრულიად საქართველო“, - წერია ილია მეორის მიმართვაში.

რუსლან სტეფანჩუკი: 15 წლის წინ, მსოფლიოს უფრო გადაჭრით რომ ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას

უკრაინის რადას სპიკერი აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 15 წლის წინ, მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას. რუსლან სტეფანჩუკის თქმით, რუსეთის დამარცხება და ევროპაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ მტკიცე და კოორდინირებული მოქმედებით არის შესაძლებელი. „15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის. დღეს უკრაინა თავისი მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც მის განადგურებას ყოველთვის ცდილობდა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - მტკიცე და კოორდინირებული ქმედებებით - შეგვიძლია, დავამარცხოთ აგრესორი და დავამყაროთ მშვიდობა ევროპაში", - დაწერა რუსლან სტეფანჩუკმა TWitter-ზე. აგვისტოს ომი მე-15 წლისთავზე, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს  

ნორვეგიის საგარეო უწყება: საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. „15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ – ეს იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. დღემდე ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას უკრაინასა და საქართველოში. ნორვეგია გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევებს,“ – ნათქვამია განცხადებაში. აგვისტოს ომი მე-15 წლისთავზე, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ვალდებულებები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც მათ და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობისთვის დაბრკოლებების შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ ხელყოფას. საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები და კვლავ უცხადებს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ პლატფორმას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერთიანებული ერები. მხოლოდ ის მისცემს შესაძლებლობას მხარეებს, იმუშაონ საერთო გადაწყვეტის სასარგებლოდ. საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) საქართველოში,“- აღნიშნულია განცხადებაში. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ 7 აგვისტოს განაცხადა, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან 15 წლის შემდეგ.  

შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ

„17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის - ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ, ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი,“ - განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიას შინდისში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი შინდისის გმირები. 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა. ხუთი ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი - აი, ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასე არის ისტორიის მანძილზეც, ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ. ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი,“ - განაცხადა ბურჭულაძემ. დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეც. „ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ, სახელოვან გმირებს, შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან, მათ შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი შესწირეს სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობის, თავდადების, თავგანწირვის მაგალითები, ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა.“ „ეს ბრძოლა იყო თავგანწირვის, ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.“ „იცით თქვენ, ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ეს ბრძოლა, შინდისის ბრძოლა გაიმართა, როგორი თავდადება გვაჩვენეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, და მათ ოჯახებს მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის. იცით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მტერს, მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა განცდა იმისა, რომ აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა. ამ დროს სულ 17 კაცი, ერთი ოცეული იბრძოდა თავგანწირვით. ესაა მაგალითი ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცის, ვაჟკაცობისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის,“ - განაცხადა პრემიერმა. ამავე კომენტარის დროს მან იმჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი გააკრიტიკა. მისი თქმით, „მაშინ, როცა ეს გმირი ბიჭები იბრძოდნენ თავდადებითა და თავგანწირვით, ამ დროს ქვეყნის სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი.“ 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნა. მემორიალი შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის მიერ არის შექმნილი, ბრინჯაოში ჩამოსხმული 17 ქანდაკებისგან შედგება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. გაეცანით სტატიას შინდისის გმირების ისტორიაზე

შინდისის გმირების ისტორია

დღეს გორის რაიონის სოფელ შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. 11 აგვისტო ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდი 2008 წლის ომიდან. სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. რუსული საბრძოლო შენაერთის  მეთაური გაოგნდა ქართველების წინააღმდეგობით და გადაწყვიტა, რომ მათი ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ რადიოკავშირის საშუალებით, დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა. რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც. ქართველი ჯარისკაცები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. ამ ბრძოლაში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი, რომლებმაც თავგანწირვის და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს, გმირულად დაიღუპა. ესენი არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. სანამ მტერი მიაგნებდა, დაჭრილები ადგილობრივმა მცხოვრებმა, ახმეტა ხუციშვილმა, ტყეში გადამალა და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა; დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დამწვარ-დასახიჩრებული სხეულები კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს პატრიარქისა და სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ დაუბრუნდა ჭირისუფალთ. „მოდით, ბიჭებო, მე გადაგარჩენთ_დაიძახა უმცროსმა სერჟანტმა, ალექსანდრე ონიანმა, თავისი ნათლული, რომან ზოიძე, რომელიც დაჭრილი, სისხლისგან იცლებოდა, გულში ჩაიკრა და ლოცვა დაიწყო; მას დანარჩენმა დაჭრილებმაც ავაყოლეთ ხმა.. ერთად ვამბობდით’’მამაო ჩვენოს’’… სწორედ ამ დროს მოგვადგნენ რუსები.. ალეკო ონიანს, რომელსაც ერთადერთი ყუმბარა ჰქონდა დარჩენილი, დაიყვირა_ტყვედ არ ჩაგბარდებითო, გახსნა და გულზე მიკრულ თავის ნათლულთან ერთად, თავი აიფეთქა…’’_იხსენებს შინდისის ბრძოლიდან ცოცხლად გადარჩენილი კაპრალი, თენგიზ ცანავა. ალეკო ონიანმა, თავის დაჭრილ ნათლულ, რომან ზოიძესთან ერთად, თავი აიფეთქა, მტერს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა. ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია, ლევან მელქაძე და შმაგი კუპატაძე პირველივე დარტყმის დროს დაკარგეს. 5 ჯარისკაცი კოლონის პირველივე მანქანაში მოკლა მტერმა, დანარჩენები თითქმის საათი და 20 წუთი განუწყვეტლივ უტევდნენ ოკუპანტებს. მტერს ეგონა, ბატალიონი თუ არა, ასეული ებრძოდა. არქივი შინდისის გმირების ასეთ ისტორიას ინახავს: „ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს. „მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი", - ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა“ მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება. მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო“. ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა. აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლული, კიდევ ერთი ღირსეული ვაჟკაცი რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა", - კბილებში გამოცრა თურმე გმირმა. „ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა. ასე გალობითა და ლოცვით გადავიდა იმიერ საქართველოში, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა", - ჰყვებიან შინდისელები. როცა 17 შინდისელი გმირიდან ერთ-ერთი – მიხეილ დვალიშვილი სახლში მიასვენეს, მისმა მშობლებმა, შვილის სხვა პირად ნივთებთან ერთად, მის ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი პატარა ლექსი იპოვეს: „ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები... ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს. ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ.” მიხეილ დვალიშვილი ვანში, სოფელ მუქედში დაიბადა. მისი სახელი იმ ქუჩას ეწოდა, სადაც ის გაიზარდა. მისი ლექსების კრებულიც გამოიცა, ეს იყო გმირის ერთ-ერთი სურვილი, რომელიც სიცოცხლეში ვერ აისრულა. „17 აგვისტომდე არ ვიცოდი, რომ დაღუპული იყო. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომ მისი საფლავი მაქვს დღეს. მუხათგვერდში, თავის ძმებთან ერთადაა……აგვისტოს ომამდე რამდენიმე ხნით ადრე, სახლში იყო ჩამოსული_ უცნაური მომეჩვენა_ძალიან თბილი, მოსიყვარულე ბიჭი იყო, მაგრამ იმ დღეს ყველას განსაკუთრებული სითბოთი გვექცეოდა… ერთ საღამოს მთხოვა, დედი, ამაღამ იავნანა მიმღერე ისე, როგორც ბავშვობაშიო… გაოცებულმა შევხედე, შევცბი.. ტანში საშინელი სიცივე ვიგრძენი, აუხსნელმა შიშმა შემიპყრო… ვუმღერე იავნანა.. იმ დღის მერე ჩემი შვილი ცოცხალი აღარ მინახავს… არც სხეული გამთბობია’’.... ამბობს მარო ზოიძე, შინდისელი გმირის, რომან ზოიძის დედა. სტატიაში გამოყენებულია კვირის პალიტრის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მასალები 2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი, გმირთა მემორიალად იქცა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გმირების დაღუპვის ადგილას ერთგვარი მუზეუმი მოაწყვეს, სადაც 17 გმირის პირადი ნივთები, ჩაფხუტები, იარაღი, ქართული სამხედრო ფორმის დამწვარი ნაწილები ინახება. შინდისის გმირების მემორიალს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

2008 წლის ომის მე-15 წლისთავზე, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ალბანეთის, საფრანგეთის, იაპონიის, მალტის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე დახურული შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. გაეროს უშიშროების საბჭოს ექვსი წევრის - შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ალბანეთის, იაპონიის და მალტის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია მისი მეზობელი ქვეყნების მიმართ და დღეს უკრაინის მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ რუსეთი ამ გზას აგრძელებს. საქართველოს შესახებ საბჭოს დახურული კონსულტაციების შემდეგ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექვსი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს დემოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  განცხადება ალბანეთის ელჩმა, ფერიტ ხოჯამ სხვა ქვეყნის დიპლომატების თანდასწრებით წაიკითხა. მან დაგმო რუსეთის „სასტიკი შეჭრა და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაცია, ასევე, მოსკოვის „ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ." ამასთან, განცხადების ავტორები გმობენ „ბორდერიზაციის“ პროცესს, სამხედრო წვრთნებს, რომლებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, საჰაერო სივრცეს და ტერიტორიულ წყლებს; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და გადასასვლელი პუნქტების დახურვას; დისკრიმინაციას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღებისთვის ხელშეშლას თუ კულტურის ქართული ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებას. ექვსმა ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის, გაეროს წესდების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რაც ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას გულისხმობს. ამასთან, „ამერიკის ხმის“ ცნობით, საბჭოს წევრები დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეებთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ „დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი რჩებიან.“ განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. ამასთან, ამ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაუშვას.

აგვისტოს ომი მე-15 წლისთავზე, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-15 წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას აფიქსირებს. Europetime გთავაზობთ იმ განცხადებებს, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება ომის მე-15 წლისთავზე საქართველოს მხარდასაჭერად ავრცელებს. „რუსეთის საქართველოში შემოჭრის მე-15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს," - წერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და მოცემულ ვიდეოს Facebook-ზე ავრცელებს. „15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ათწლეულების განმავლობაში საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეები ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობენ, ბევრი ადამიანი დევნილად იქცა. რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათთვის, ვინც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებს განიცდის,“ - წერს თავის მხრივ, ეუთოში აშშ-ის მისია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ვიდეოს უძღვნის.   ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  „15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/„სამხრეთ ოსეთი“ კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. დღესვე გავრცელებული განცხადებით, NATO-ს წევრი ესტონეთი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ტალინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. „დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის 15 წლისთავი აღინიშნება. ესტონეთი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას," - აღნიშნულია განცხადებაში. ბალტიისპირეთის კიდევ ერთი ქვეყანა და NATO-ს წევრი ლატვია ასევე გმობს „რუსეთის მიერ 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.“ „მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - აცხადებს ლატვიის საგარეო უწყება. საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს დანიაც. კოპენჰაგენი გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალში/ე.წ.სამხრეთ ოსეთში. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.“ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი შეიერაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის მე-15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ბურიჩის თქმით, ევროპის საბჭო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/.ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ისევე როგორც მის სამხედრო ყოფნას რეგიონში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. „ღრმად შეშფოთებული ვარ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, რომელიც კვლავ განიცდის კონფლიქტის საზიანო შედეგებს, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში. მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, კვლავ სერიოზულად ირღვევა ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გამო, რომლის მომსწრეც ვიყავი ამ მხარეში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, 3 ივლისს. როგორც სახელმწიფომ, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება და აღმოფხვრას ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა. ეს მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობების შექმნას," - აღნიშნულია განცხადებაში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭო ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მტკიცე ერთგულია. „ევროპის საბჭო ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მტკიცე ერთგულია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავს. ამ კუთხით, ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას მხარი დავუჭიროთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს კონფლიქტის შედეგების მოგვარებაში, ხელი შევუწყოთ შერიგებას, დიალოგს და ადამიანის უფლებების დაცვას ნდობის აღდგენის ღონისძიებების პროგრამის მეშვეობით," - აღნიშნულია განცხადებაში. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს შემდეგ განცხადებას: „რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირისა და NATO-ს გზა აირჩია," - აღნიშნავს შარლ მიშელი. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებს სლოვენია. „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ავსტრია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“ „საქართველოში რუსეთის შემოჭრის მე-15 წლისთავზე, ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობით ხორვატია აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხოებას და კონსტრუქციული ჩართულობის, მშვიდობიანი გადაწყვეტის მოწოდებით გამოდის,“ - აღნიშნულია თავის მხრივ, ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პეტერ ფიშერი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები რუმინეთი „საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მე-15 წლისთავი წარმოადგენს ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკულ შეხსენებას. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რუმინეთი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.“ ფინეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ამბობს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. პოლონეთის საელჩო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა აცხადებს, რომ 15 წლის წინ, 7 აგვისტოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და 15 წლის შემდგომ ის კვლავ წარმოდგენილია ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე. კოლონას თქმით, რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოს.“  NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტრადოციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.  

მეთიუ მილერი: რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტრადოციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მეთიუ მილერის თქმით, შეერთებული შტატები ამ პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას განაგრძობს. „ვფიქრობ, მკაფიოდ ვთქვით სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. გავაგრძელებთ, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ პოლიტიკის მიმართ", - განაცხადა მეთიუ მილერმა. რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე შეკითხვის საპასუხოდ, მილერმა განაცხადა, რომ უკრანაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთვის დაწესებული სანქციები მიმართულია მისი სამხედრო ძალის შესაძლებლობების შესამცირებლად. „სანქციებმა ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. მისი სამიზნეა რუსეთის შიგნით არსებული კრიტიკული სექტორები. ამდენად, ვფიქრობ, რუსეთისთვის  პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ გადადგმული ძლიერი ნაბიჯების ჩამონათვალი არსებობს," აღნიშნა მეთიულ მილერმა. ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ზელენკის „მშვიდობის ფორმულა“ საქართველოსაც მიესადაგება, რაზეც სპიკერმა უპასუხა, რომ მას არ სურს ორი სხვადასხვა სიტუაციის მქონე ქვეყნის შედარება. შეგახსენებთ, 2008 წლის აგგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.  15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

6 დასავლური ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ექვსი დასავლური ქვეყანა, საქართველოში რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავს ეხმაურება. გაეროს უშიშროების საბჭოს ექვსი წევრის - შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ალბანეთის, იაპონიის და მალტის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია მისი მეზობელი ქვეყნების მიმართ და დღეს უკრაინის მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ რუსეთი ამ გზას აგრძელებს. საქართველოს შესახებ საბჭოს დახურული კონსულტაციების შემდეგ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექვსი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს დემოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  განცხადება ალბანეთის ელჩმა, ფერიტ ხოჯამ სხვა ქვეყნის დიპლომატების თანდასწრებით წაიკითხა. მან დაგმო რუსეთის „სასტიკი შეჭრა და „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაცია, ასევე, მოსკოვის „ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ." ამასთან, განცხადების ავტორები გმობენ „ბორდერიზაციის“ პროცესს, სამხედრო წვრთნებს, რომლებიც არღვევს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს, საჰაერო სივრცეს და ტერიტორიულ წყლებს; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და გადასასვლელი პუნქტების დახურვას; დისკრიმინაციას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღებისთვის ხელშეშლას თუ კულტურის ქართული ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებას. საბჭოს წევრები დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეებთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ „დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი რჩებიან.“ ექვსმა ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის, გაეროს წესდების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რაც ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას გულისხმობს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, ხელი არ შეუშალოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. ამასთან, ამ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაუშვას.